მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში 20-25 აპრილს ახალგაზრდა მეცნიერთა 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ეკოლოგიის დარგებში თავისი პროექტები და კვლევები წარმოადგინეს.
საქართველოს ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლით დაკომპლექტდა. ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის სექციაში დიდ წარმატებას მიაღწიეს – გიორგი რაზმაძე და საბა საბეკია კონფერენციიდან ოქროს მედლით დაბრუნდნენ (თემა „იდეალური კუბოიდი“);
თამთა ჯაშმა და ელენე გვალიამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს, (თემა „შარიგინის პრობლემა“); კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ნინო ფიფიას და ლიზი მეძველიას ხვდათ წილად (თემა „კომპლექსური რიცხვები და გეომეტრია“).
კონფერენციის პარალელურად, ღონისძიება დატვირთული იყო კულტურული ნაწილითაც – მოსწავლეებმა დაათვალიერეს მურუგანის (Murugan) ქანდაკება, ბატუს კომპლექსი (Batu Caves), სულთან აბდულ სამადის (Abdul Samad) სასახლე, სამთავრობო ქალაქი-პუტრაჯაია ( Putrajaya) და მალაიზიის სიმბოლო-პეტრონასის ტყუპი კოშკები (Petronas Twin Towers), რომლებიც თითოეული 88 სართულიანია და სიმაღლით 451,9 მეტრია (ყველაზე მაღალი ტყუპები მსოფლიოში). დაჯილდოების ცერემონია 24 აპრილს, Mandarin Court Hotel-ში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყნის 157-მა მოსწავლემ.
ცერემონიას საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა დაესწრო.
Comments