top of page

ტრადიციული ინტერვიუ დირექტორთან

ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები ყოველი წლის 6 ოქტომბერს ინტერვიუს იღებენ სკოლის დირექტორისგან. წელს ბატონ მამუკასთან ინტერვიუ ჩაწერეს: მარიტა დათიაშვილმა, გიორგი ხაინდრავამ და ლუკა ზვიადაურმა. ინტერვიუ ეხება წლის მთავარ სიახლეს-ამერიკული პროგრამებს.

ბატონო მამუკა, რამდენად დაეხმარება ამერიკული პროგრამის გავლა მომავალში სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს?

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკული პროგრამა ჩვენს სკოლაში წელს დავნერგეთ. ჩვენ შევისწავლეთ ამერიკის ტოპ 20 სკოლის პროგრამები და მოვახდინეთ მათი ქართულ პროგრამებთან ინტეგრაცია. გარე შეფასების კუთხით შემოვიტანეთ PSAT გამოცდები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს და QSI სკოლებშია დანერგილი. როდესაც ბავშვების ნაშრომები გაიგზავნება ამერიკაში, ქულებთან ერთად ჩვენ მივიღებთ დეტალურ რეკომენდაციებსაც, თუ რომელი უნარის გაუმჯობესება მოუწევს მოსწავლეს, რათა წარმატებით ჩააბაროს SAT-ის გამოცდები. მაღალი ქულა SAT-ში კი გრანტისა და საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საწინდარია. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები გასულ წლებშიც აბარებდნენ ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მაგალითად, შარშან ჩვენი 17 მოსწავლე წავიდა უცხოეთში, მაგრამ ჩემი მიზანია, უფრო გავაადვილო ეს პროცესი. ამერიკული ატესტატი უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მოსწავლეებს და გზას გაუხსნის მათ საუკეთესო უნივერსიტეტებისაკენ. ამერიკული ატესტატი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამერიკულ უნივერსიტეტებთან გვექნება წვდომა. აკრედიტაციას გვანიჭებს ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ეს ატესტატი ვალიდური იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა, განსაკუთრებით ამერიკაში დაეხმარება მოსწავლეებს დაფინანსებისა და გრანტების მიღებაში.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება SAT-ის გამოცდები თქვენი მოსწავლეებისათვის?

SAT -ის გამოცდის მაქსიმალური ქულა შეადგენს 1600-ს. 1340-1600-მდე შეფასება ითვლება უმაღლესად და ასეთ მოსწავლეებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში დაფინანსებით მოხვედრა. ბუნებრივია, SAT-ის გამოცდები ჩვენს სკოლაში სავალდებულო არაა, ასეთი პრეცენდენტი მსოფლიოს არცერთ სკოლაში არ ფიქსირდება. PSAT-ის გამოცდები კი სავადლებულო იქნება GAHS-ის მოსწავლეებისთვის. ის წარმოადგენს SAT-ის წინარე საფეხურს. PSAT მოსწავლეებს ამზადებს SAT-ის გამოცდებისთვის და ის ბავშვები, რომლებიც მიიღებენ მაღალ შეფასებებს PSAT-ის გამოცდებში, დიდი ალბათობით მიიღებენ მაღალ ქულას SAT- შიც.

რით განსხვავდება ამერიკული სწავლების სპეციფიკა ქართულისაგან და რა ალტერნატიულ ცოდნას მიანიჭებს ქართველ მოსწავლეებს?

პირველ რიგში, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა ძალიან განსხავდება. ამერიკული პროგრამის წიგნები ჩვეულებრივი საკურსო წიგნები არაა. მაგალითად, ერთ-ერთი სახელმძღვანელო ELA – English Language Arts, ანუ ინგლისური ენის ხელოვნება, შეიცავს ტექსტებს, რომლებიც ამოღებულია სამეცნიერო სტატიებიდან, კვლევებიდან, დისერტაციებიდან და მხატვრული ლიტერატურიდან, რაც რადიკალურად განსხვავდება სტანდარტული პროგრამისაგან. მათემატიკაშიც, შესაძლოა, თეორიული საკითხები ერთნაირი იყოს, მაგრამ თანამედროვე ქართული განათლების სისტემა, ჩემი აზრით, არის უფრო მეცნიერული, ხოლო ამერიკული – პრაქტიკული ანუ უფრო გამოყენებითი ხასიათის. ქართველმა მოსწავლემ, შესაძლოა, თეორიულად იცოდეს, რა არის სინუსი, კოსინუსი და ა.შ. მაგრამ პრაქტიკაში ეს ვერ გამოიყენოს. PSAT-ის გამოცდებზე , ასევე, მეტად საყურადღებოა დროის მენეჯმენტი. ფაქტობრივად, თითოეულ კითხვას ეთმობა მხოლოდ წუთი. პასუხის გადატანასა და დაფიქსირებასაც დრო სჭირდება, შესაბამისად , მოსწავლემ შეკითხვას უნდა უპასუხოს 40-45 წამში.

რამდენი წელი სჭირდება ამერიკულ პროგრამასთან შეჩვევას, რომელი კლასიდანაა მიზანშეწონილი დაწყება და რამდენად ეფექტური იქნება ეს XI-XII კლასებში, სადაც პრაქტიკულად ამთავრებენ უკვე მოსწავლეები სკოლას?

მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლაში აქამდეც ისწავლებოდა ინგლისურად Science და Social Studies, ყოველთვის გაძლიერებული იყო ინგლისური ენის პროგრამა. ეროვნულ ოლიმპიადაზე ჩვენმა მოსწავლეებმა არაერთხელ აიღეს პირველი ადგილები ინგლისურ ენაში, მაგრამ PSAT-ის გამოცდის სპეციფიკა სრულიად განსხვავდება მათგან და ამოწმებს მოსწავლის არა მხოლოდ ინგლისური ენის დონეს, არამედ უნარ-ჩვევებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა , PSAT-ში ყველა ვერ მიიღებს მაღალ ქულას, თუმცა გარკვეული ბირთვი მაინც დააფიქსირებს კარგ შეფასებას. მინდა, რომ სწორედ ამ წარმატებულმა ბავშვებმა აიღონ წელს პირველი ამერიკული ატესტატები. ყოველწლიურად მათი რიცხვი გაიზრდება, კერძოდ, თუ წელს ჩააბარებს ათი მოსწავლე, გაისად – ოცდაათი , ხოლო შემდეგ დარწმუნებული ვარ, მთელი დამამთავრებელი კლასიც შეძლებს.

და ბოლოს, თქვენ რა სირთულეებს ხედავთ პროგრამის დანერგვის პროცესში და რა გეგმა გაქვთ მათ გადასაჭრელად?

სირთულეებს, ბუნებრივია, ვაწყდებით. ჩემი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს ხელი შევუწყო საკუთარ თავთან მუშაობის უნარის გამომუშავებაში. მე სულ ვცდილობ, რომ შევცვალო მშობლებისა და ბავშვების მენტალიტეტი. კატეგორიულად ვეწინააღდეგები მოსწავლეების კერძო მომზადებას. ეს პროგრამა ისეა აწყობილი, რომ ბავშვი მხოლოდ დამოუკიდებელი მუშაობით გადის შედეგზე. გარე „დახმარება“, ჩარევა, პირიქით, შეიძლება იქცეს ხელისშემშლელ ფაქტორად. შეუძლებელია ერთ წელიწადში ნებისმიერი საგნის შესწავლა და სათანადო ცოდნის მიღება, მომზადება, როგორც ამას ჩვენ ვეძახით. ამერიკული სტანდარტების დაკმაყოფილება ასეთი მეთოდიკით შეუძლებელია. ამიტომაც, შევიმუშავეთ მთელი კურსი, რომელშიც დეტალურად გაანალიზებულია საკვანძო და უმნიშვნელოვანესი კომპონენტები. მოსწავლე სათანადო განათლებას უნდა იღებდეს მხოლოდ სკოლაში. როდესაც მშობელს ბავშვი მოჰყავს ჩვენთან, ის უკვე საკმარისად ეხმარება მას. PSAT-ის გამოცდები მხოლოდ მათემატიკისა და ინგლისურის გამოცდები არ გახლავთ. ესაა ზოგადი უნარების შემფასებელი ახალგაზრდებში. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, PSAT-ის კითხვები მარტივია, როგორც უკვე ვახსენე, მათთვის განკუთვნილი დრო ძალიან მცირეა, ანუ მოსწავლე უნდა ფლობდეს საკითხის გარშემო დიდ ცოდნას, ტექნიკასა და სტრატეგიას, რათა უმოკლეს დროში იპოვოს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ხერხი. ამერიკული პროგრამის დანერგვა არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მთელი სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ძალისხმევით, მჯერა, რომ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას. თქვენ კი გისურვებთ, როგორც PSAT გამოცდების ჩაბარებას, ასევე გამარჯვებას სატელევიზიო გადაცემაში ,,წიგნების თარო’’. შარშან ხომ ფინალში გახვედით, წელს კი აშკარა ფავორიტები ხართ.




Comments


bottom of page